პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, იმყოფებოდა. მან სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მედიასთან აღნიშნა, რომ სამომავლოდ ასეთი შემთხვევების პრევენციისთვის ყველაფერი გაკეთდება.
"ყველა ზომა იქნება მიღებული. სადაც არის განსახლება საჭირო, ამასთან დაკავშირებითაც მიიღებს ხელისუფლება ზომებს, კომპენსაციები სადაც არის საჭირო, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული. ნუ, თვითონ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებიც დასრულდება დღეს, ხვალ. საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ სოფლის მოსახლეობას. ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. რა თქმა უნდა, ვერავითარი ზომა ვერ იქნება პანაცეა. რაც შეიძლება მეტად უნდა გაფართოვდეს ეს სისტემები, დაკვირვების, გაფრთხილების სისტემები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სადაც იქნება შესაძლებელი პრევენცია, იქ მაქსიმალური ზომები უნდა იყოს მიღებული," - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ახლად დანიშნული პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის ზონაში მე-4 დღეს ჩავიდა.
სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩამოწვა. მეწყერმა მოიყოლა 4 სახლი, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 9 პირი კი სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა. მათ შორის, არასრულწლოვანებიც.