ოკუპირებულ გალში მოკლული თემურ კარბაიას საქმეზე ორი "მილიციელი" დააკავეს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე 2 "მილიციელი" დააკავეს.  ოკუპირებულ რეგიონში სისხლის სამართლის დევნა ჯამში 3 პირის მიმართ იყო დაწყებული. 

დე ფაქტო პროკურატურის განცხადებით, კაპიტან ალბერტ ზარაკუას, ლეიტენანტ ვიანორ აბშილავას და უმცროს ლეიტენანტ დავით კვეკვესკირს ბრალად ედებათ ჯგუფის მიერ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ძალადობა რასაც მძმიე შედეგი მოჰყვა.

ე.წ. პროკურატურის მტკიცებით, 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი თემურ კარბაია იძულებით მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც სამორიგეო განყოფილებაში, მოწმეების არყოფნის პირობებში, უკანონოდ გაჩხრიკა.

"შემოწმების ბოლოს კარბაიამ კვეკვესკირის მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგაც კვეკვესკირმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს სამორიგეო განყოფილებაში შევიდნენ ზარაკუა და აბშილავა, რომლებიც კვეკვესკირთან ერთად, კარბაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მუშტებითა და ფეხებით სცემეს, რის შედეგადაც კარბაიას სხეულის დაზიანებები მიაყენეს. მან გულმკერდის არეში მიიღო ტრავმა, ოთხი ნეკნის მოტეხილობა, დაკავებულს ჰქონდა მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოების სისხლჩაქცევები", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც "პროკურატურა" აცხადებს, კარბაია შემდეგ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ის გათავისუფლებამდე, 2023 წლის 7 დეკემბრამდე იმყოფებოდა. აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადრე აცხადებდა, რომ ის "პრევენციული საუბრის შემდეგ" გაათავისუფლეს.

"კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი დღით ადრე ის გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. ის "ჯანმრთელობის გაუარესების გამო" მკურნალობდა", - ამბობდა  "შსს."

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ჩხრეკის მიზნით გააჩერეს და სასტიკად სცემეს საქართველოს მოქალაქეს, თემურ (ვიტალი) კარბაიას. მოგვიანებით ის ე.წ. მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა. მიყენებული დაზიანებების გამო, კარბაია საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი