უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო სისტემები რუსეთის ფედერაციაში მესამე ქვეყნების მეშვეობით იყიდება. მათივე ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა „ამ საფრთხის განეიტრალებაზე“.
"რუსეთი აგრძელებს მუშაობას ე.წ. პარალელური იმპორტით და ფაქტობრივად - კონტრაბანდის გზით. დიახ, მესამე ქვეყნების გავლით, კონკრეტულ ქვეყნებს არ დავასახელებთ, ეს ინფორმაცია დაზუსტებას მოითხოვს, მაგრამ Starlink თავისუფლად არის ხელმისაწვდომი რუსეთის ტერიტორიაზე...
არავინ ამტკიცებს, რომ Starlink-ის რუსებისთვის გაყიდვა ოფიციალურად ხდება. მაგრამ დღეს რუსეთის ფედერაცია არა მხოლოდ ნომერ პირველი ტერორისტული ქვეყანაა, არამედ ნომერ პირველი კონტრაბანდისტი, ამიტომ ეს არის პრობლემა, რომელზეც დღეს ვმუშაობთ“ - ამბობს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი.
იუსოვმა აღნიშნა, რომ ახალი წლიდან რუსებმა Starlink-ის გამოყენება ფრონტის ხაზზე უფრო სისტემურად დაიწყეს - "რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა ამ საფრთხის გასანეიტრალებლად" - აღნიშნავს იუსოვი.
უკრაინის დაზვრევის განცხადებაზე, რომ რუსები ფრონტზე Starlink-ის სატელიტურ საკომუნიკაციო სისტემას იყენებენ, ილონ მასკი აცხადებს, რომ Starlink არასოდეს მიუყიდია რუსეთისთვის არც პირდაპირ, არც ირიბად.