ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა მრჩევლად "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებსა და უჩა მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენი, ასევე, მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის დონორი - ვასილ ბაბლუანი - დანიშნა.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წერს, ბაბლუანი "საპარტნიორო ფონდის" და სახელმწიფო პროგრამის ("აწარმოე საქართველოში") ბენეფიციარიცაა. ვასილ ბაბლუანმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჯამში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გაიღეს.
როგორც TI წერს, დღეისთვის ვასილ ბაბლუანი 11 კომპანიაში ფლობს წილებს და 9 კომპანიაში იკავებს დირექტორის თანამდებობას. იგი არის ესპანეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დამფუძნებელი. ანტიკორუფციული ბიუროს მრჩევლის რანგში მისი ესპანეთში ვიზიტის ფარგლებშიც და შემდეგაც, ბაბლუანის ინტერვიუებში ჩანს, რომ იგი კვლავ აგრძელებს აქტიურ ბიზნეს საქმიანობას და მის ძირითად ინტერესს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.
"ვასილ ბაბლუანის კომპანიებმა სახელმწიფოსგან, კერძოდ, "საპარტნიორო ფონდისგან" (2023 წლიდან: საქართველოს განვითარების ფონდი) ორ პროექტზე მიიღეს დაფინანსება: "ქართული სანაშენე ღორის ფერმა რაჭაში" და "კერამიკული აგურის ქარხანა."
ორივე პროექტი კომპანია შპს ჯეეს იბერია ქონსალთინგ-ის მიმდინარე ბიზნესპროექტებია. ამ კომპანიის 40%-იან წილს საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ემზარ ნოზაძე ფლობს. ემზარ ნოზაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის ძმაა, რომელიც უჩა მამაცაშვილის სიძეა. უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი და მისი ნდობით აღჭურვილი პირია.
ღორების ფერმის პროექტის ღირებულება 700 000 დოლარია, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 50%-ია. პროექტის უშუალო განმახორციელებელი კომპანიაა შპს ნატივე ჯორჯიან, რომელიც 2016 წლის მარტში დარეგისტრირდა და სადაც ვასილ ბაბლუანი 49%-იან წილს ფლობს. "სტუდია მონიტორის" გამოძიების მიხედვით, გარდა თანამონაწილეობისა, ბიუჯეტიდან დამატებით 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯა ღორების ფერმამდე მისასვლელი გზის დაგებისთვის.
რაც შეეხება აგურის ქარხანას კასპში, პროექტი 3,2 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოითხოვს და აქედან "საპარტნიორო ფონდის" თანამონაწილეობა 34%-ია. პროექტის განმახორციელებელი კომპანიაა შპს კერამიკა ელ ტორენტე +,[1] რომლის 24.5% წილს ვასილ ბაბლუანი ფლობს, 25%-ს ბიძინა სონღულაშვილი, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატ დავით სონღულაშვილის ძმაა. კომპანიის დარჩენილ 50.5%-ს შპს სონნეთ ქონსთრაქშენ-ი ფლობს, რომლის 72%-ს იოსებ სონღულაშვილი, დავით სონღულაშვილის კიდევ ერთი ძმა, ფლობს. საინტერესოა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ თანახმად, პროექტში ჩართულნი არიან „ბანკი ქართუ“ და სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში.“ ფონდის წილი 1.1 მილიონი დოლარია.
2018 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ბაბლუანის კომპანიამ კასპში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 28 155 კვ.მ მიწა მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით 1 ლარად მიიღო 492 912 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით, რომლის შესრულების ვადაც სახელმწიფომ 2-ჯერ გაუხანგრძლივა", - წერს ორგანიზაცია.
ვასილ ბაბლუანის ორი კომპანია შპს ნოვა ჰიდრომაინინგ და სს ნოვა ჰოლდინგს კრიპტობიზნესშია ჩართული:
კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, NOVA Hydromining მდებარეობს საქართველოს ორ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ): ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში[2] და გრძელვადიანი ხელშეკრულებით ფლობს 1500 მ2 მიწის ნაკვეთს მაინინგ-საქმიანობის განსახორციელებლად.
2022 წლის მაისში „ფორბსის“ ქართულ გამოცემასთან ინტერვიუში, ბაბლუანი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე თბილისში 10 მეგავატის სიმძლავრის კრიპტო-მაინინგის ქარხნის მშენებლობა-ამუშავება შედის. მისივე თქმით, პროექტი დაახლოებით 30 მლნ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს, „რომლის ამოღებას ქარხნის ამუშავებიდან ერთ წლამდე ვადაში“ ვარაუდობენ. გარდა ბიტკოინების გამომუშავებისა, კომპანია დაინტერესებულ მხარეებს მაინინგის ჰოსტინგს და საკონსულტაციო მომსახურებასაც სთავაზობს.
თიზ-ში მდებარე კომპანიები გათავისუფლებული არიან მოგების, ქონებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ). კრიპტობიზნესში ჩართული კომპანიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღგ-სგან გათავისუფლებაა, რადგან ამგვარად ისინი მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 18%-ით ნაკლებს იხდიან. მსგავსი კომპანიები დიდი მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარენ, თუმცა ბევრ სამუშაო ადგილს არ ქმნიან და სახელმწიფო გადასახადების ნაწილისგან გათავისუფლებული არიან, რაც მათთვის სასათბურე პირობებს ქმნის და მაღალ მოგებას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მმართველი კომპანიის წილებს ბიძინა ივანიშვილი და ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი ფლობენ. რაც შეეხება თბილისის თიზ-ს, 2015 წელს მისი შექმნა ასევე უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილს, მის დაინტერესებას მაინინგ ბიზნესით და ამ სფეროში ინვესტიციის ჩადებას მისი პირადი საინვესტიციო ფონდის – თანაინვესტირების ფონდის – მიერ.
გარდა ამისა, ბაბლუანის NOVA Hydromining-ის კორპორატიული სტრატეგიის გუნდის წევრია დავით ებრალიძე, რომელიც ამავდროულად ფოთის თიზ-ის დირექტორიცაა. ებრალიძე ჩხარტიშვილის ოჯახის რამდენიმე კომპანიის დირექტორიცაა. მათ შორის, საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის, რომლის პრეზიდენტი თავად ვანო ჩხარტიშვილია.
კრიპტობიზნესში ბაბლუანის ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი ხუან დე ბაგრატიონ დე ულოა, იგივე იოანე ბაგრატიონ-მუხრანელია, რომელიც თავის მხრივ საერთო ღვინის ბიზნესს ფლობს ივანე ჩხარტიშვილის შვილთან. ბაგრატიონის მეუღლე, ქრისტინე ძიძიგური, 2018 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეა. ბაგრატიონის შვილის ნათლიები ივანე ჩხარტიშვილი, თორნიკე რიჟვაძე და ვასილ ბაბლუანი არიან," - წერს TI.
ორგანიზაცია ყურადღებას მმართველი პარტიისთვის შეწირულ თანხებზეც ამახვილებს. 2013-2021 წლებში ვასილ ბაბლუანმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა "ქართულ ოცნებას" და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 501 000 ლარი შესწირეს. მათ შორის, ემზარ ნოზაძემ 135 000 ლარი, ბიძინა და იოსებ სონღულაშვილებმა 270 000 ლარი, ხოლო თავად ვასილ ბაბლუანმა - 10 000 ლარი.
ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ვასილ ბაბლუანის განათლებისა და გამოცდილების შესახებ, არც იმის შესახებ, თუ რომელი დარგობრივი/სექტორული მიმართულებით გასცემს იგი რჩევებს ბიუროს მრჩევლის რანგში.
"აღსანიშნავია, რომ კარგი საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით (OECD/ACN) თანამდებობის პირის მრჩევლები ქონებრივი და ინტერესთა მდგომარეობის დეკლარაციას უნდა ავსებდნენ და ის საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს გაასაჯაროოს ინფორმაცია ბიუროს მრჩევლების შესახებ.
ნაცვლად იმისა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაკოორდინირებელი პასუხისმგებელი უწყება თავად გამოირჩეოდეს ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით, ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში 22 დეკემბერს დახურულ ფორმატში წარადგინა. როგორც პრესრელიზიდან ირკვევა, ბიუროს უფროსმა ყურადღება არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობაზეც გაამახვილა, თუმცა ბიუროს არც ამ ანგარიშის პრეზენტაციაზე და არც სხვა ღონისძიებებზე ანტიკორუფციული საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები არ მიუწვევია. წარდგენილი ანგარიში ბიუროს ვებგვერდზე ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ არის:
- ინფორმაცია ბიუროს უფროსის მოადგილეების შესახებ, მათი სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები;
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია;
- ბიუროში დასაქმებულ პირთა რაოდენობა; ბიუროს მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები, კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა.
საყურადღებოა, რომ ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება მხოლოდ ბიუროს უფროსსა და მის მოადგილეებზე ვრცელდება, რაც თავის მხრივ ამცირებს ამ უწყების გამჭვირვალობის ხარი," - წერს ორგანიზაცია.