სანქცირებული ავტომობილების გზა საქართველოდან რუსეთამდე - "აი, ფაქტი" 7-თვიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს ასაჯაროებს და წერს, რომ საქართველო რუსეთის ბაზარს სანქცირებული ავტომობილებით ამარაგებს.
გამოძიებაში დეტალურადაა აღწერილი რა სქემებით ხდება სანქციების გვერდის ავლა და როგორ მდიდრდებიან რუსი ავტოდილერები. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთში სანქცირებული მანქანების ექსპორტი აიკრძალა, ეს სქემები კვლავ მუშაობს.
გამოძიების მიხედვით, საქართველოდან ძვირადღირებული მანქანები რუსეთში ხვდებიან ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ან აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთს გავლით.
"ავტომზიდებს [ავტომობილები] თბილისში მდებარე სხვადასხვა ავტოცენტრიდან ან რუსთავის ავტობაზრობიდან მოჰყავთ. სადგომზე მყოფი ამ მანქანების საშუალო ღირებულება 30 000 – 130 000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. თითქმის ყველა მათგანი ახალი და შეფუთულია, დიდ ნაწილს ჯერ ნომერიც კი არ აქვს. ნომრის უქონლობა ნიშნავს, რომ ამ ავტომობილებს საქართველოს ქუჩებში დამოუკიდებლად საერთოდ არ უვლიათ – ისინი საზღვარზე პირდაპირ ავტომზიდებით მიიყვანეს. საზღვართან მიყვანილი ავტომობილი ავტომზიდიდან მძღოლს ჩამოჰყავს და სადგომზე აყენებს. შემდეგი ნაბიჯი სატრანზიტო ზონაში საზღვრის კვეთისთვის აუცილებელი, დროებითი ნომრის მიღება და საბუთების შეგროვებაა. ბოლოს კი მანქანა მძღოლს საზღვარზე გაჰყავს. ამ ავტომობილებს, საზღვრის მეორე მხარეს ანუ რუსეთის ტერიტორიაზეც გამცილებელი ხვდება – ან მხოლოდ მძღოლი ან მძღოლიანი ავტომზიდი, რომლითაც გზას რუსეთისკენ აგრძელებს. ამ სქემის დახმარებით, მანქანა ახალ მეპატრონეს მინიმალური გარბენით, დაუზიანებელ მდგომარეობაში ბარდება. საქართველოდან გამყვანი მძღოლი კი უკან ბრუნდება და საქართველოს საზღვარს ფეხით, ან სხვა ავტომობილით კვეთს. ამ ამბის მთავარი გასაღები ისაა, რომ ამ გზით, სანქცირებული ავტომობილები ისე გადის რუსეთში, ექსპორტის ოფიციალურ სტატისტიკაშიც კი არ აღირიცხება. არავინ ითვლის, ამ გზით რამდენი ასეთი მანქანა ხვდება რუსეთში," - წერს "აი, ფაქტი" ერთ-ერთ სქემაზე.
ჟურნალისტური გამოძიების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.