საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება ფაქტობრივად დაწყებულია. ევროპელი დიპლომატები იწყებენ შეხვედრების სერიებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან სწორედ შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების თემაზე. პირველი კონსულტაციები "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაიმართა. მთავარი ოპოზიციური პარტია არწმუნებს ევროკავშირის ელჩებს, რომ ოპოზიციის მთავარი ლიდერის პატიმრობის პირობებში შეუძლებელია ლაპარაკი სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებზე. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს დიპლომატებს გააცნო სხვა ფაქტებიც, რომლებიც "ქართული ოცნების" მიერ გაყალბების მზადებაზე მიუთითებს. მომდევნო დღეებში ევროპელი ელჩები სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან და ეცდებიან მმართველი პარტიის არგუმენტების მოსმენასაც.