დამოუკიდებელი ექსპერტი ალესანდრე გეჯაძე, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში პირველივე დღიდან იყო ჩართული, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ეხმაურება და ამბობს, რომ მისი პოზიცია უცვლელია. ის ეთანხმება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ფეხბურთელის სხეულზე არსებული დაზიანებები გამოიწვევდა ქალა ტვინის ტრავმას, ტვინის შერყევას (რასაც თან სდევს გონების დაკარგვა), ეს კი მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებობას.
გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია გიორგი შაქარაშვილის წყალში ყოფნის პერიოდზე და ნათქვამია, რომ სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა, ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის 10-20 წუთიან ინტერვალს. ცხედრის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა კი შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.
ალექსანდრე გეჯაძის თქმით, მას სხვა არანაირი მოსაზრება ჰქონია:
კერძოდ, მე ვამბობდი და ახლაც ვამბობ, მაღალი ალბათობით, ის დაზიანებები, რაც მას ჰქონდა თვალბუდეებში სისხლჩაქცევების სახით, შუბლის არეში სისხლჩაქცევა, თავის რბილი საფარის ქვეშ სისხლჩაქცევა, მაღალი ალბათობით, ამას უნდა გამოეწვია თავის ტვინის შერყევა და არა ქალას ტვინის მოტეხილობა, თავის ტვინში სისხლჩაქცევა რაზეც ე.წ. გამოძიებაში საუბრობდნენ ამა თუ იმ ტელესივრცეში, - ამბობს გეჯაძე.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე დღეს დამატებით 1 პირი დააკავეს. მან
სამართალდამცავ ორგანოებს შეგნებულად ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გიორგი შაქარაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ჯამში 18 პირია დაკავებული.