"დროასა" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" მიერ შექმნილმა პლატფორმამ Mona.ge-მ ახალი სია გამოაქვეყნა.
მეათე სიაში ძირითადად "ქართული ოცნების" შემწირველები მოხვდნენ, მათ შორის: გიორგი მიხანაშვილი, დავით ანდღულაძე, დავით შალიკაძე, ირაკლი გოგოლიშვილი. პარტიების ინფორმაციით, აღნიშნულმა ბიზნესმენებმა ჯამში სახელმწიფოსგან 1 მილიარდ ლარამდე ღირებულების ტენდერები/გამარტივებული შესყიდვები მიიღეს, "ოცნებას" კი 1 მილიონ ლარამდე დაუბრუნეს. ჩამოთვლილი პირები მშენებელ კომპანია შპს "ანაგის" პარტნიორები ან მისი შვილობილი კომპანიის დირექტორები არიან.
სიაში ასევე მოხვდნენ, "ოცნების" შემომწირველები დავით ბალანჩივაძე, გიორგი აბრამიშვილი და რომან აბრამიშვილი.
გარდა ამისა, Mona.ge-ს ბაზას დაემატნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ჯღარკავა.
"სასამართლო კლანის მოსამართლე" - ნინო შჩერბაკოვი. მან ხატზე, რომელზეც სტალინიც იყო, საღებავის შესხმის გამო 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა აქტივისტ ნატა ფერაძეს. ამავე პერიოდში შჩერბაკოვმა განიხილა "მთის ამბების" რედაქტორის, გელა მთივლიშვილის საქმე. ჟურნალისტი კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს, მოსამართლემ მას 2000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.
შჩერბაკოვმა განიხილა მარტის აქციებზე დაკავებული ორი ჟურნალისტის, ზურა ვარდიაშვილისა და ბექა ჯიქურაშვილის საქმეები და 2 200-ლარიანი ჯარიმები დაუწერა. ამ მოსამართლემ განიხილა 2023 წლის მარტში ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ სხვა დაკავებულების საქმეებიც, Მათ შორის "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ბენეფიციარი გიორგი მექვაბიშვილის საქმეცაა, რომლის სახელითაც ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.
და თსუ-ის რექტორი ჯაბა სამუშია. Mona.ge წერს, რომ თსუ-ის რექტორმა კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულ რექტორებს არ დაუჭირა მხარი და გააძლიერა სამთავრობო პროპაგანდისტული ხაზი. ამასთან ერთად, სამუშიამ სტუდენტებს, რომლებიც დაკავებული ლექტორების მხარდასაჭერად აქციას მართავდნენ, რადიკალები უწოდა და მათ მძიმე შედეგებით დაემუქრა. მათივე ცნობით, სამუშიას მიერ სისტემის მსახურება მხოლოდ ახლა არ გამოვლენილა. ის იყო „გარეჯი საქართველოას“ პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ კამპანიის გასაძლიერებლად „ოცნებამ“ ორი მეცნიერი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა.