დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ехо Кавказа ადგილობრივ ჟურნალისტზე, იზიდა ჭანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო ნოტა ეხება ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების რატიფიცირებას, რომელიც ე.წ. სახელმწიფო აგარაკის მესამე პირზე გაცემას კრძალავს.
"არაოფიციალური ინფორმაციით, 3 დღის წინ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო საპროტესტო ნოტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. კანონში შეტანილი ცვლილებები (რატიფიცირებასთან დაკავშირებით), რომელიც სახელმწიფო აგარაკის მესამე პირისთვის გადაცემას კრძალავს, ვიღაც კონკრეტულს არ აწყობს. თუმცა მთავარი კითხვა ეს არ არის, მთავარი ის არის, რატომ მალავს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი არც ოფიციალურ საიტზე და არც ტელეგრამზე", - წერს ჟურნალისტი.
Ехо Кавказа-ს ცნობით, ინფორმაციას ადასტურებს ე.წ. ოპოზიციაც. ისინი ამბობენ, რომ რუსული მხარე აფხაზეთისგან ვალდებულებებისადმი ერთგულების დადასტურებას ითხოვს.
"ჩვენ გვაქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, სადაც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ, რომ გადაწყვიტოს რა პოზიციას იკავებს - დაადასტუროს მისი ერთგულება მიღებული ხელშეკრულებისა ან რატიფიცირებამდე მიღებული საკანონმდებლო აქტების მიმართ. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვითხოვთ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, შეწყვიტოს კულუარებში მუშაობა და გამოაქვეყნოს აღნიშნული ნოტა. ამასთან ერთად, საზოგადოების სრული ნდობის არარსებობის გამო, მოვითხოვთ აფხაზური მხარის პასუხი წინასწარ იყოს შეთანხმებული პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, დაინტერესებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა პერსონალურად დაეკისრება აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას", - ამბობენ ე.წ. ოპოზიციონერები
შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას მოახდინა "რუსულ-აფხაზური შეთანხმების რატიფიცირება", რომლითაც რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას დაუჭირა მხარი. ამის პარალელურად, დეპუტატებმა ობიექტების, მიწის ნაკვეთების, წყლის, ფართობების, აშენებული შენობებისა და ნაგებობების მესამე პირებისთვის გადაცემა აკრძალეს.