მოვუწოდებთ პარლამენტს, უარი თქვას საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების კანონპროექტის არსებული სახით მიღებაზე | TI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მოუწოდებს პარლამენტს, უარი თქვას საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების კანონპროექტის არსებული სახით მიღებაზე და რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშავოს და დაამტკიცოს იმგვარი ცვლილებები, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან.

ორგანიზაცია პრეზიდენტს მოუწოდებს, კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული ვეტოს უფლება.

9 თებერვალს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომლითაც  ცესკოს დაკომპლექტების წესი კიდევ ერთხელ იცვლება. TI ამბობს, რომ ეს იმ პირობის საწინააღმდეგოდ ხდება, რომელიც ევროკომისიამ ჩვენ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ დაუწესა, გარდა ამისა:

"ცვლილებები არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის არცერთ რეკომენდაციას, კვლავ შენარჩუნებულია ცესკოს თავმჯდომარისა და არაპარტიული წევრების არჩევაზე ერთპარტიული კონტროლი და უქმდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის ის პოსტი, რომელიც ოპოზიციისთვის არის  განკუთვნილი", - ამბობს ორგანიზაცია.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ არსებული სახით კანონპროექტის მიღება ხელს არ შეუწყობს ელექტორატის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ამაღლებას და მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ასევე, შესაძლოა, კანონპროექტმა სერიოზულად შეაფერხოს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი.

ცვლილებების მიხედვით:

  • მას შემდეგ, რაც პარლამენტის სპიკერი წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარობის/წევრობის კანდიდატს, მის ასარჩევად პარლამენტს პირველ კენჭისყრაზე პარლამენტის წევრთა 3/5-ის (90 ხმა) მხარდაჭერა დასჭირდება;
  • მაგრამ თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის 90 ხმით არჩევას ვერ შეძლებს, შემდეგი კენჭისყრით პარლამენტს მისი არჩევა კვლავ სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) შეეძლება. ამისათვის პარლამენტს ორი ცდის შესაძლებლობა ეძლევა. თუკი პარლამენტი 76 ხმით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, ასეთ შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის/წევრის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება ქვეყნის პრეზიდენტზე გადადის.
  • აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე/წევრი დაბალი კვორუმით არჩევის შემთხვევაშიც სრული ვადით, 5 წლით, დაინიშნება.
  • ცვლილებებით აგრეთვე უქმდება ცესკოს თავმჯდომარის ორი მოადგილიდან იმ მოადგილის პოსტი, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლისთვის არის განკუთვნილი. მოქმედ მოადგილეს - პარტია "ლელოს" წარმომადგენელ გიორგი სიორიძეს უფლებამისილება კანონის ამოქმედებისთანავე შეუწყდება.

"ამრიგად, კანონპროქტით ცესკოს არაპარტიული ნაწილის დაკომპლექტების წესი არსებითად არ იცვლება: იმ პირობებში, როდესაც მმართველ პარტიას პარლამენტში გააჩნია საკმარისი რაოდენობის წარმომადგენლობა იმისათვის, რომ ცესკოს თავმჯდომარის/წევრების თანამდებობაზე 76 ხმით თავისთვის სასურველი კანდიდატები აირჩიოს, პარლამენტის ერთჯერადი 3/5-იანი კვორუმი და კანდიდატების არჩევის მეოთხე ეტაპზე პროცესში პრეზიდენტის შემოყვანა წმინდა ფორმალობად დარჩება და პრაქტიკაში ვერ გაზრდის ცესკოს მრავალპარტიული თანხმობით დაკომპლექტების შესაძლებლობას. მეორე მხრივ კი, ოპოზიციისთვის განკუთვნილი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტის გაუქმება მორიგი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს მმართველი პარტიის სრულ კონტროლს კომისიაზე", - ამბობს ორგანიზაცია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი