პრეზიდენტის დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის ქვეყნებში ვიზიტების განსახორციელებლად 48 217,46 ლარი დახარჯა. ეს არის ვიზიტები, რომლებზეც პრეზიდენტს მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.
მანამ, სანამ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ევროპულ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. მთავრობის უარის მიუხედავად, ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მაინც შეხვდა. მის წინააღმდეგ "ქართულმა ოცნებამ" იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო და თქვა, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუცია უხეშად დაარღვია. იმპიჩმენტი საბოლოოდ პარლამენტში ჩავარდა. თუმცა, ამის შემდეგ ხელისუფლება აცხადებს, რომ ზურაბიშვილი "ფორმალური" პრეზიდენტია და მას ლეგიტიმაცია აღარ აქვს.
დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 2023 წელს 84 221 ლარი იყო. ზურაბიშვილს ხარჯებში ასევე მითითებული აქვს ქველმოქმედებისთვის დახარჯული - 55 275 ლარი.
პრეზიდენტმა დეკლარაცია ამ წლის 29 იანვარს შეავსო. მითითებული მონაცემებით, მის საბანკო ანგარიშებზე აღნიშნული პერიოდისთვის 26 849.67 ევრო და 28 836.49 დოლარი იყო.
სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი ამჯერადაც პირადი ხარჯით მიდის გერმანიაში, სადაც მიუნხენის კონფერენციაში მთავრობის თანხმობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას.