რუს ოლიგარქს, ოლეგ დერიპასკას უკრაინამ სისხლი სამართლის კოდექსის 7 მუხლით დაუსწრებლად ბრალი წაუყენა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დერიპასკა და მისი უკრაინელი ბიზნესპარტნიორები ბრალდებული არიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის დაფინანსებაში. კერძოდ, როგორც SBU აცხადებს, ისინი რუსეთის ფედერაციას აწვდიდნენ ნედლეულს "ისკანდერების" წარმოებისთვის.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დააკავეს ოლიგარქის 2 ბიზნეს პარტნიორი - სამთო კომპანია „კვარციტების გლუხივის კარიერის“ დირექტორი და ამავე დაწესებულების კურატორი, უკრაინის მოქალაქე, რომელმაც 2021 წელს რუსეთის ფედერაციაში ბინადრობის ნებართვა მიიღო.
გამოძიების მასალების მიხედვით, ეს ორი პირი დაეხმარა რუს ოლიგარქს კარიერის საწარმოო ობიექტების მითვისებაში 2012 წელს, მიუხედავად მათი გაყიდვის აკრძალვისა.
"ამ დროიდან რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე, სამთო კომპანიის მენეჯმენტი რუსეთს აწვდიდა ქანების საბითუმო პარტიებს ფოლადის დნობისთვის. უკრაინიდან მოპოვებულ ნედლეულს რუსი მილიარდერის კომპანიები ყიდდნენ აგრესორი ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე ბალისტიკური რაკეტების, კერძოდ, „ისკანდერების“ წარმოებისთვის." ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ნედლეულს ოკუპანტები ასევე იყენებდნენ მოიერიშე თვითმფრინავებისა და სარადარო სისტემების სერიული წარმოებისთვის.
"შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რუს ოლიგარქს ოლეგ დერიპასკას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის შვიდი მუხლით.
უკრაინული კომპანიის დირექტორისა და მისი კურატორის დანაშაულებრივი ქმედებები კლასიფიცირებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით." ნათქვამია SBU-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ოლეგ დერიპასკა ნავთობისა და ალუმინის ბიზნესით გამდიდრებული პუტინის ოლიგარქია, რომელსაც აშშ-მა სანქციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაუწესა.