ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ავდიივკაში ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები მეტი უკრაინელის სიცოცხლის გადასარჩენად | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში მიმდინარე ბრძოლის ფონზე, ზელენსკი აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინელ სამხედროებს ყველა საჭირო მხარდაჭერას ჰპირდება.

მიუნხენში ჩასვლამდე უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთს ეწვევა. ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას უკრაინა-საფრანგეთს შორის გაფორმდება უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება. შემდეგ კი ოლაფ შოლცთან ერთად, უკრაინა-გერმანიის შეთანხმება

"ავდიივკაში და, ზოგადად, აღმოსავლეთში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები მეტი უკრაინელის სიცოცხლის გადასარჩენად. გავმართე რამდენიმე მოსამზადებელი შეხვედრა ჩვენი საერთაშორისო აქტივობის წინ. დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები პარტნიორებთან, ახალი შეთანხმებები. ჩვენ ვქმნით უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დაგვეხმარება არა მხოლოდ აქ და ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში და ეს არის ის, რაც უკრაინას არასდროს ჰქონია, თუმცა ყოველთვის საჭირო იყო", - ამბობს ზელენსკი.

ცნობისთვის, ავდიივკაში არსებულ ვითარებას ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა, ალექსანდრე ტარნავსკიმ, "რთული, მაგრამ კონტროლირებადი" უწოდა. მისი თქმით, გამოიყო დამატებითი საბრძოლო რესურსი და მომზადდა ახალი პოზიციები და უკრაინული ჯარები "იყენებენ ყველა ხელმისაწვდომ ძალას და საშუალებას მტრის შესაკავებლად."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი