თავდაცვის ძალების უკვე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს - მიხეილ დოიჯაშვილს, რამაზ გოგიძესა და ზურაბ ვაშაგაშვილს, გამოძიება მათი კოლეგის ჯგუფურად ცემას და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება. სამივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
საქმე ეხება ჯარისკაც ირაკლი აფრიამაშვილის გარდაცვალების საქმეს. სამშვიდობო მისების მონაწილე, გამოცდილი სამხედრო ხეზე ჩამომხრჩვალი მიმდინარე წლის 11 იანვარს ნახეს.
ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, ერთ-ერთი ახლობელი "მთავარ არხთან" იხსენებს, რომ კაცს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის, ცხვირის, საფეთქლის, ყბის არეში, ასევე, გატეხილი ჰქონდა თავი.
"სუიციდი საერთოდ არ ყოფილა. ეს მოკლეს ცემაში, წამებით მოკლეს. საკუთარ სახლში მიუცვივდნენ მხეცებივით. ფიგურირებდა 5 პიროვნება, მაგრამ არ ვიცი ბოლოს რა გამოიკვეთება და როგორ იქნება. მე არც გვარები ვიცი, ვინ არიან ეგეც არ ვიცი. ჩემი შვილი დღეს მიწაშია, მაგრამ მინდა, რომ პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც ამ დღეში ჩაგვაგდო. იცით რაზე მტკივა გული?! ავღანეთიდან ჩამოვიდა სრულიად ჯანმრთელი და აქ თავისმა მეგობრებმა, ასე ღალატით გამოასალმებს სიცოცხლეს", - ყვება დედა.
რაც შეეხება დაკავებულებს, ისინი ადვოკატის თქმით, ბრალს არ აღიარებენ. უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალდებულებმა გაიგეს, რომ გარდაცვლილს სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდა მათი მეგობრის მეუღლესთან და მასთან "ამის გასარკვევად მივიდნენ".
პრპოკურატურა ამბობს, რომ დაკავებულებმა კაცზე ფიზიკურად იძალადეს. ასევე, "დაზარალებულს, ჩადენილი საქციელის აღიარებას აიძულებდნენ და ამ ინფორმაციის გამჟღავნებით, ასევე სამხედრო ნაწილში აღნიშნულზე არაფორმალური რეაგირებით ემუქრებოდნენ".