ლუგარიდან მოპარული საიდუმლო დოკუმენტები - ჰაკერების კვალი რუსულ სპეცსამსახურებთან მიდის

გამოქვეყნდა:

ლუგარის ლაბორატორიის ბაზებში დაცული ინფორმაცია ახლა ჰაკერების ხელშია, თუმცა რა მნიშვნელობისა და მოცულობისაა ის, ჯერჯერობით უცნობია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში კვლევით ცენტრზე განხორციელებული კიბერშეტევის დეტალებზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ გამოძიებას ელოდებიან. მათ შორის იმის დასადგენად, თუ რა მნიშვნელობის დოკუმენტები დაიკარგა. 

როგორ შეაღწიეს საკმაოდ დაცულ ბაზებში, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს. თუმცა კიბერშეტევიდან ორი დღის შემდეგ, საქმის ბევრი დეტალი უცნობია. მაგალითად, ამ ეტაპზე გამოძიება ვერ ამბობს, რომელი ქვეყნიდან მოხდა თავდასხმა, დგას თუ არა ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებული კიბერშეტევის უკან რუსეთი და რა სახის ინფორმაცია გაიტანეს თავდასხმისას. შსს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მოპარული სამედიცინო დოკუმენტების ნაწილი სხვადასხვა უცხოურ ვებგვერდზე უკვე ატვირთულია.

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს, რომლის დადანაშაულებასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე ერიდება, ღიად ასახელებენ უსაფრთხოების სფეროში მომუშავე სპეციალისტები. ამბობენ, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესშია. 

რატომ დასჭირდათ ახლა - მოტივი და მიზეზი იმ განცხადებებშია, რომელიც რუსმა პოლიტიკოსებმა ბოლო დღეებში გააკეთეს. პუტინის ხელისუფლების ოფიციალური პირები ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ ქიმიური ნივთიერება, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს საქართველოში - კერძოდ, ლუგარის ლაბორატორიაშია შექმნილი. IT სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ ვერსიის დასამტკიცებლად რუსული სპეცსამსახურები იმ ინფორმაციის გამოყენებას შეეცდებიან, რომელიც კიბერშეტევისას მოიპარეს. 

ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებულ კიბერშეტევაში რუსულ კვალს ხედავენ უმრავლესობის დეპუტატები. თვლიან, რომ ყალბი ამბებისა და ფაქტების შექმნით პუტინის სპეცსამსახურები მათი დანაშაულის სხვებზე გადაბრალებას შეეცდებიან.

რამდენად შეძლებენ მიზნის განხორციელებას, ჯერ ძნელი სათქმელია. ახლა მთავარია, გამოძიებამ დროულად დაადგინოს, როგორ შეაღწიეს ლუგარის ლაბორატორიის საკმაოდ დაცულ სისტემაში და ხომ არ ჰყავდათ კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურებს თანამზრახველები ადგილზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი