ჯანდაცვის სამინისტროში ონკოპაციენტებისა და მათი უფლებადამცველების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული, პაციენტებს ჰქონდათ იმედი, რომ მინისტრს ან მის მოადგილეს შეხვდებოდნენ, თუმცა შეხვედრა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ რა გააკეთა უწყებამ ამ წლების განმავლობაში. ვერ დასახელდა თარიღი, როდის შემოვა ქვეყანაში კონკრეტული მედიკამენტები, ასევე, დაფინანსდება თუ არა დამატებით სერვისები.
ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები ითხოვენ, გაუქმდეს ონკოპაციენტებისთვის დაწესებული 25 000-ლარიანი ლიმიტი.
"ორი კვირის განმავლობაში რასაც ვხმოვანებდით, რომ გვჭირდება ეს, გვჭირდება ეს, მომზადებულები მაინც უნდა ყოფილიყვნენ იმისთვის, რომ ერთი რაღაც მაინც გადაეწყვიტათ ამ ორი კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად, არაფერი არ არის გადაწყვეტილი. რასაც ვითხოვთ, რომ ანალიზები იყოს დაფინანსებული, კვლევები, ექიმი რომელსაც გადაწყვეტს ძვირადღირებულ წამლებს ისინიც იყოს დაფინანსებული, რომ ვუთხარით გამოსვლის წინ, ახლა მაინც მითხარით როდის იქნება მზად ეს ყველაფერი, ვადები რომ გვითხრათ მერე ახლა იმაზე გვეტყვით რატომ არ გავაკეთეთ", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.
შეხვედრის კიდევ ერთი დამსწრე ამბობს, რომ ვერ მიიღეს კითხვებზე კონკრეტული პასუხები "ჩვენ არ გვაქვს მოლოდინის რეჟიმისთვის დრო, ამ ადამიანების სიცოცხლისთვის ერთი დღეც კი გადამწყვეტია, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ პროცესს".
ავტორი: ზურა პეტროსიანი.