რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივი დეპარტამენტზე დაყრდნობით გამოცემა Meduza-ც ავრცელებს და წერს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს.
ცნობილია, რომ ნავალნი ციმბირში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადამსჯელო საკანში გარდაიცვალა, სადაც ის 2023 წლის დეკემბერში გადაიყვანეს.
"თექვსმეტ თებერვალს N3 გამასწორებელ კოლონიაში მსჯავრდებულმა ნავალნი ა.ა. გასეირნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, თითქმის მაშინვე დაკარგა გონება. სასწრაფოდ მივიდნენ დაწესებულებიდან სამედიცინო მუშაკები, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება", - ნათქვამია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის რეგიონული დეპარტამენტის განცხადებაში.
ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კრემლიც. პესკოვი ამტკიცებს, რომ პუტინის კრიტიკოსის გარდაცვალების მიზეზის შესახებ არაფერი იცის და ამბობს, რომ ფედერალური ციხის სამსახური მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს.
რუსული სამთავრობო გამოცემა TASS კი იუწყება, რომ პუტინი მისი გარდაცვალების შესახებ უკვე ინფორმირებულია.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.