გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ეხმაურება "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის ხევში ასობით დახოცილი პირუტყვის ნარჩენები აღმოაჩინეს.
უწყება "მთავარ არხს" ეუბნება, რომ ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ვაშლოვანში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
"სამართალდამრღვევის დადგენის მიზნით მასალები საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნება.
შედგა შესაბამისი აქტი, ადგილზე აღებულია ჯიპიეს კოორდინატები. ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, გადაეგზავნება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს", - წერია უწყების პასუხში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამბობს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მკაცრად აკონტროლებს ბაზარზე ხორცის განთავსებას და რეალიზაციას.
"სააგენტო უსაფუძვლოდ მიიჩნევს გავრცელებულ ვიდეო-მასალაში გამოთქმულ ვარაუდს, ბაზარზე ხორცის გაყიდვის შესახებ. მითუმეტეს, თვითონ ვიზუალურ მასალაშიც ჩანს მთლიანი პირუტყვის ნარჩენები", - წერია განცხადებაში.