უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლომ ტრამპი დამნაშავედ ცნო და $355 მილიონის გადახდა დააკისრა 

გამოქვეყნდა:

ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეზე დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ტრამპის ორგანიზაცია საკუთარი უძრავი ქონების ფასს ხელოვნურად ზრდიდა და ამ გზით შეღავათიანი საბანკო კრედიტებით სარგებლობდა.

აშშ-ს ექსპრეზიდენტს ნიუ-იორკის შტატში 3 წლით ბიზნესსაქმიანობა და იქ რეგისტრირებულ ნებისმიერ კომპანიაში ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ანალოგიური შეზღუდვა 2 წლით დაუწესდათ ტრამპის შვილებსაც. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ტრამპის ორგანიზაციას დამოუკიდებელი მონიტორინგი გაუწევს ზედამხედველობას.

ტრამპმა მოსამართლეს, რომელმაც ის თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, კორუმპირებული უწოდა, საქმეს კი პოლიტიკურად მოტივირებული. ის კვლავ ამტკიცებს, რომ მისი კომპანია ყველა ფინანსურ ოპერაციას კანონიერად ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის პროკურატურა ტრამპს თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებასა და ცრუ ფინანსური ანგარიშების შედგენაში სდებდა ბრალს. მისი ბიზნესის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წელს "ნიუ იორკ თაიმსმა" გამოძიება გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ტრამპის კომპანიები გადასახადებს არ იხდიდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი