დარჩიაშვილი ეუთოს თავმჯდომარეს, დემოკრატიის ეროვნული ფონდის დირექტორსა და ალბანელ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ალბანეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრ იგლი ჰასანთან; დემოკრატიის ეროვნული ფონდის დირექტორ დეიმონ ვილსონთან და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, იან ბორგთან. 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, ალბანელ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებას და დარჩიაშვილმა ის საქართველოში მოიწვია.

"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამასთან, ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე თანამშრომლობის გაღრმავების და  ურთიერთგამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე. აღინიშნა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა. 

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. 

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობა," - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების თქმით, დეიმონ ვილსონთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოს, საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე და ამ კონტექსტში საქართველოს გაზრდილ რეგიონულ როლს.  

რაც შეეხება ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, უახლოეს პერიოდში მისი საქართველოში ვიზიტიც დაიგეგმა.

"ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ეუთო-ს თავმჯდომარეობის ფარგლებში მალტის პრიორიტეტები და არსებული გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ეუთოს მაღალი დონის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნებისთვის. 

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს. ხაზი გაესვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მისწრაფების მიმართ მალტის მტკიცე მხარდაჭერას. დაიგეგმა უახლოეს პერიოდში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი," - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი