გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინაში საარტილერიო ჭურვების წარმოებაზე.
შეთანხმება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაფორმდა და მას ხელი მოაწერეს უკრაინის მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა და კონცერნის გამგეობის თავმჯდომარემ არმინ პაპერგერმა.
უკრაინული კომპანიის სახელი, ქარხნის ადგილმდებარეობა და ჭურვების წარმოების დაწყების თარიღი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გასაიდუმლოებულია.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ საკონტროლო პაკეტი (51%) Rheinmetall-ს ეკუთვნის, ხოლო 49% უკრაინელ პარტნიორს.
პაპერგერმა აღნიშნა, რომ ერთობლივი საწარმო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებში და გაზრდის ევროპის უსაფრთხოებას.
Rheinmetall -ის ეს უკვე მეორე ერთობლივი საწარმოა უკრაინაში. 2023 წლის ოქტომბერში საწარმოს შექმნაზე ხელშეკრულება გაფორმდა Ukroboronprom-თან. საწარმო განკუთვნილი იქნება სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად და შემდგომში მისი წარმოებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე.