ენმ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ინერტული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებულ აუქციონს კონკრეტული კომპანიის პირობებზე მორგებით აცხადებს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ ბრიფინგი გამართა, რომელიც ოზურგეთში ე.წ. კარიერების მუშაობას ეხებოდა. მისი თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ინერტული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებულ აუქციონს კონკრეტული კომპანიის პირობებზე მორგებით აცხადებს.

ასევე, მჟავანაძის ინფორმაციით, მდინარე ნატანებზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაში მუნიციპალიტეტმა 300 000 ლარზე მეტი დახარჯა და ახლა იმავე ტერიტორიის კვლავ კარიერების მუშაობის მიზნით გასცემს, რაც დაუშვებელია.

...ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება არნახულად დიდი რაოდენობის ქვა-ღორღის ლიცენზია გასცეს, რომელიც დააზიანებს ბუნებას, დააზიანებს მდინარე ნატანებს და საუბარია 400 000 კუბზე, დიახ, 400 000 კუბის ქვა-ღორღის ამოღებისთვის ნებართვა გასცა, მაგრამ არც აქ მთავრდება მათი ფანტაზიები და არც აქ მთავრდება ის დანაშაულებრივი სქემა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს შეხება.

მას შემდეგ, როდესაც სხვადასხვა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ აუქციონში, ჩემი ინფორმაციით, შეიტანეს საგარანტიო თანხა, რომელიც შეადგენდა ღირებულების 10 პროცენტს და ეს იყო 40 000 ლარამდე და სწორედ იმის გამო, რომ დაფიქსირდა სხვა მონაწილე პირებიც, არც მეტი, არც ნაკლები აუქციონის გამომცხადებელმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაუქმა აუქციონი, გამოაცხადა ხელახალი აუქციონი, სადაც აბსოლუტურად დატოვა ყველაფერი ისე როგორც იყო, გარდა ერთისა - გაზარდა მხოლოდ და მხოლოდ საგარანტიო თანხის ღირებულება და ნაცვლად 40 000 ლარისა, ის განისაზღვრა თითქმის 200 000 ლარამდე, რაც მიუთითებს იმას, რომ კონკრეტული აუქციონი მორგებულია კონკრეტულ კომპანიაზე და იმისთვის, რომ არ მისცემოდა სხვა კომპანიებს ამ აუქციონში მონაწილეობის საშუალება, გამოცხადდეს ასეთი მაღალი თანხა, თუმცა არც აქ მთავრდება ეს ყველაფერი.

ჩვენ ვიცით, რომ არსებობს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც უნდა გამოცხადდეს ბრძანების მიღებიდან გარკვეული პერიოდში, 20 დღის პერიოდში უნდა იყოს გამოქვეყნებული ინფორმაცია, უნდა იყოს მოსახლეობის ფართო ჩართულობა, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებმა არც ერთი გაითვალისწინა და არც მეორე, მოსახლეობას საერთოდ დაუმალა ინფორმაცია და ყოველგვარი კანონის დარღვევით ხუთი დღის ვადაში გამოაცხადეს აუქციონი, ნაცვლად ოცდღიანი ვალდებულებისა და ეს ინფორმაცია რომ არ გავრცელებულიყო და არ გამხდარიყო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, ინფორმაცია გამოაქვეყნეს amazon.com- ზე და ნაცვლად იმისა, რომ ინფორმაცია გავრცელებულიყო ქართულ ბეჭდვით მედიაში, ტელევიზიაში, ოფიციალური საშუალებით, ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული amazon.com-ზე იქ, სადაც მხოლოდ და მხოლოდ მის დამდებს თუ შეეძლო ენახა, რადგან ასეთ ინფორმაციებს არავინ არ ეძებს amazon.com-ზე.

ეს არის დასტური იმისა, რომ აქ არის კორუფციის კლასიკური ნიმუში და ამის სათავეში დგანან ძმები თალაკვაძეები, რადგან მათ გარეშე ვერავინ ვერ გაბედავდა და ვერ მიიღებდა მსგავს გადაწყვეტილებას მათ შორის აუქციონის გაუქმების და შემდეგ ხელახალი ჩატარების..."  - თქვა მჟავანაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი