რუსი ოკუპანტები საომარ ინფრასტრუქტურას ანახლებენ - სამუშაოები საქართველოს დროებით ოკუპირებულ ნაწილში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფელ ორჭოსანში, საკორინთლოში, დვანსა და ტახტისძირში რუსებმა ბლინდაჟები, სანგრები და სადაზვერვო სისტემები დაამონტაჟეს. საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე ოკუპანტების განსაკუთრებული გააქტიურება შეინიშნება.
საქართველოს ხელისუფლება კი ამ უკანონო აქტივობებს ისევ არ იმჩნევს, ფასადური განცხადებები მსგავს საკითხებთან დაკავშირებით მხოლოდ მას შემდეგ კეთდება, რაც საკითხზე საუბარს სამოქალაქო აქტივისტები იწყებენ და თემით მედია ინტერესდება.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის, " ძალა ერთობაშია", ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ მათ ახმაჯისა და საკორინთლოს მიმდებარედ თანამედროვე სადაზვერვო სისტემები აღმოაჩინეს, რომელსაც რუსეთი ასევე უკრაინაში იყენებს.
"მთელი ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ვაფიქსირებთ მათ აქტივობას კონკრეტულად კი სანგრების გათხრას, საგუშაგოების გამაგრებას და განახლებას. აღმოვაჩინეთ ორი უახლესი მოდელის სადაზვერვო სისტემა, რომელიც ოკუპანტმა 2023 წლის მარტიდან შეიტანა მხოლოდ და მხოლოდ უკრაინაში, ხოლო საქართველოში ასეთი ორი ტიპის სისტემა დამონტაჟდა ოკუპირებული ახმაჯის სამხედრო-საოკუპაციო ბაზაზე და მეორე ასეთი სისტემა ახლა ვიპოვეთ უკვე საკორინთლოს მიმდებარედ, რომელიც პირდაპირ მიმართული არის ჩვენს საპოლიციო ძალებზე, ჩვენს საპოლიციო პოსტებზე და ეს სისტემები აწარმოებენ დეტალურ თვალთვალს ჩვენი ძალოვანი ინფრასტრუქტურებისას", - ამბობს ქაცარავა.
რისთვის ემზადება რუსეთი, ამაზე ცალსახა პასუხი არ აქვთ სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა ამბობენ, რომ ეს ხელისუფლების "არგაღიზიანების პოლიტიკაა".
სუს-ში კი, სტანდარტულად ამბობენ, რომ ოკუპანტების უკანონო ქმედებებს აპროტესტებენ როგორც ჟენევის დოსკუსიების ფორმატში, ასევე ერგნეთის შეხვედრებზე.