NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს

გამოქვეყნდა:

NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს.

"მისია მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს მოსახლეობის ევროპული და  ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას კონსტრუქციული რეკომენდაციების გაცემის გზით. 

ამასთან, გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში  ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა  პრინციპს დაიცავს. შეხვედრების დასრულების შემდეგ NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს 
შეფასების ძირითად დასკვნებს  ანგარიშის სახით გამოაქვეყნებს.  

19-23 თებერვალს NDI-ის დელეგაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან მაღალი  დონის შეხვედრებს გამართავს. შეხვედრებს გაუძღვებიან: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო  საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი 
საქართველოში; მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის  უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი,  სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის 
ანალიტიკოსი; ევა ბუჟა, NDI ევრაზიის რეგიონული დირექტორი; და რიჩარდ კლაინი, NDI  არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი. შეხვედრებს ასევე დაესწრება ალან გილამი, NDI  საქართველოს ოფისის დირექტორი. 

ხუთი დღის განმავლობაში დელეგაცია შეხვდება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების,  სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. დელეგაციის  წევრები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზოგად პოლიტიკურ გარემოსა და იმ ფაქტორებს 
შეაფასებენ, რომელთაც, შესაძლოა, გავლენა იქონიონ წინასაარჩევნო პროცესებზე. დელეგაცია  მიმოიხილავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, მოქალაქეთა  ჩართულობა, გენდერი და ინკლუზიის თემები, პოლიტიკური პარტიები და კამპანიის პროცესი. 

აღნიშნული შეხვედრები NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო პროცესის პირველ ფაზას  წარმოადგენს. აღნიშნული პროცესი, დამატებით, მეორე წინასაარჩევნო დელეგაციას, გრძელვადიანი  დამკვირვებლების ჯგუფსა და არჩევნების დღის სადამკვირვებლო დელეგაციას მოიცავს.    

NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე  საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განხორციელდება. 

პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების  სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის  (CEPPS) ფარგლებში. 

ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს. " ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი