
უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, 19 თებერვლის მონაცემებით, 23 000 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.
"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მუშაობს 23 000 ადამიანის ბედის გასარკვევად, რომელთა ოჯახებს მათ შესახებ არაფერი სმენიათ - ან იმის გამო, რომ ისინი ტყვედ აიყვანეს ან მოკლეს, ან იმის გამო, რომ მათთან კონტაქტი დაიკარგა მას შემდეგ, რაც მათ სახლი დატოვეს", - ნათქვამია ორგანიზაციის პრესრელიზში.
ICRC-ის ცნობით, 2024 წლის იანვრის ბოლოს, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებებთან თანამშრომლობით უკრაინაში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში, ICRC 8 000 ოჯახს დაეხმარა, მიეღოთ ინფორმაცია მათი დაკარგული ადამიანების ბედის ან/და ადგილმდებარეობის შესახებ.
პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ICRC-მა მიიღო 115 000-ზე მეტი მოთხოვნა უგზო-უკვლოდ დაკარგულ ნათესავების მოსაძებნად-ტელეფონით, ონლაინ ფორმით, წერილებით ან პირადად.