საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს

გამოქვეყნდა:

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს. ოპოზიცია ამბობს, რომ ამ კანონპროექტის მმართველი გუნდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის დაქვემდებარებაში აქცევს. 

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ცვლილებები არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის არცერთ რეკომენდაციას.

კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება ხდება.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები.

ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება პირი და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი