პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის კონკურსში ფინალში გავიდა სტატია, რომელშიც ტყუილები ეწერა. ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს "მთის ამბების" რედაქტორს, გელა მთივლიშვილს და თქვა, რომ მისი სტატიის მიზანი პანიკის დათესვა და ადამიანების ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობა იყო.
ჟურნალისტური გამოძიება შოვის სტიქიას და ადგილზე განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა, მათ შორის იმას, რომ "სტიქიის შემდეგ სამაშველო ოპერაცია არაკოორდინირებული იყო. არ არსებობდა პროტოკოლი, მაშველებს არ ჰქონდათ საჭირო აღჭურვილობა, დაიკარგა ყველაზე ძვირფასი პირველი საათები. [...] სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, 3 აგვისტოს შებინდებისთანავე კი შეწყდა". "მთის ამბების" ცნობით, მათმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სტიქია შოვში ათწლეულების განმავლობაში მოსალოდნელი იყო.
პაპუაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია განმარტება გაკეთდეს ვინ იყო იქ კომისიაში და რამდენად იღებს პასუხისმგებლობას ევროკავშირი ასეთ კონკურსებზე.
"შოვთან დაკავშირებით, რაც იყო აგორებული დეზინფორმაციული კამპანია, სამარცხვინო აბსოლუტურად, ყველა ამ კითხვებს პასუხი გაეცა და ის ადამიანები, მათ შორის თავს ჟურნალისტს რომ უწოდებენ, მთივლიშვილს ვგულისხმობ ახლა, რომელიც სტიქიის დღეებში პანიკას აწყობდა ტყუილებით, შემდეგ სამწუხაროდ, ევროკავშირის კონკურსში ფინალშიც კი გავიდა ე.წ. საგამოძიებო ჟურნალისტიკის კატეგორიაში სტატია, რომელშიც ეწერა ტყუილები. ევროკავშირის კონკურსში ფინალამდე რომ აღწევს ასეთი სახის სტატია და ეს ხომ არ არის უბრალო ტყუილი, ამის მიზან იყო პანიკის დათესვა საზოგადოებაში, განსაკუთრებით სტიქიის დღეებში ისტერიის შექმნა და ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანების განწყობა. როდესაც ასეთი სამუშაოთი არის დაკავებული ადამიანი, რომელიც თავს ჟურნალისტს ეძახის და შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტურმა სამყარომ ამხილოს ასეთი დეზინფორმაცია, ეთიკის საბჭომ იმსჯელოს და ამხილოს, ევროკავშირის კონკურსში ფინალამდე აღწევს ტყუილებით სავსე სტატია, განზრახული ტყუილებით. [...] ვფიქრობ, მნიშვნელოვანია განმარტება გაკეთდეს ვინ იყო იქ კომისიაში და რამდენად იღებს პასუხისმგებლობას ევროკავშირი ასეთ კონკურსებზე", - ამბობს პაპუაშვილი.