საქართველოს პარლამენტს პუტინის არალეგიტიმურად აღიარებაზე, პეტიცია გაეგზავნება

გამოქვეყნდა:

ოპოზიციურად განწყობილმა რუსებმა და ორგანიზაციებმა შეადგინეს პეტიცია, რომლითაც
მსოფლიოს ლიდერებსა და ქვეყნებს სთხოვენ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვლადიმერ პუტინი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარონ. როგორც პეტიციის ავტორებმა "ნეტგაზეთთან" განაცხადეს, მას საქართველოს პარლამენტშიც გაგზავნიან. 

პეტიციაში ნათქვამია, რომ სამართლებრივად არაერთი მიზეზი არსებობს პუტინის არალეგიტიმურად ცნობისთვის: იქნება ეს არჩევნების სრული კონტროლი მისი რეჟიმის მიერ, ოპოზიციის დევნა, მედიის თავისუფლების შეზღუდვა და სხვა. 

ამას გარდა, პეტიციის ავტორები მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მოუწოდებენ, რომ უარი თქვან რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზე (ჰუმანიტარული საკითხების გარდა).

"ასეთი ნაბიჯები გახდება უკრაინაში ომის დასრულების მიზნით პუტინის რეჟიმზე ზეწოლის ძლიერი ბერკეტი და ასევე, საშუალებას გააჩენს, იგი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, პასუხისგებაში მიეცეს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის," - ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციას ამ დროისთვის ხელს 100-ზე მეტი საჯარო ფიგურა აწერს. მათ შორის, ეკონომისტი სერგეი გურიევი, პუბლიცისტი ანდრეი პიონტკოვსკი, პუტინის ყოფილი პატიმარი მიხეილ ხოდორკოვსკი და სხვები.

პუტინის არალეგიტიმურად ცნობის თხოვნით ევროკავშირს ციხეში დაღუპული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამაც მიმართა.

"პუტინმა ჩემი ქმარი არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე მოკლა. ეს არჩევნები ყალბია, მაგრამ პუტინს მაინც სჭირდება პროპაგანდისთვის. მას სურს, რომ მთელმა მსოფლიომ დაიჯეროს, რომ რუსეთში ყველა მხარს უჭერს და აღფრთოვანებულია. არ დაიჯეროთ ამ პროპაგანდის.

არ აღიაროთ ეს არჩევნები. პრეზიდენტი, რომელმაც მოკლა თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, ლეგიტიმური არ შეიძლება იყოს" - თქვა ნავალნაიამ.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 17 მარტს ჩატარდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი