პრეზიდენტი "საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს" ვეტოს დაადებს | ადმინისტრაცია

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს" ვეტოს დაადებს - ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს:

დღეს, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება და როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა ქვეყანაში, საქართველოს პარლამენტმა, მმართველმა უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან.

ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი  გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული.

შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ჩაატარებს  ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს  პროცესის მიმართ უნდობლობას, როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში. 

როგორც არაერთხელ აქვს ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი ,,საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს! - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მიღებული კანონის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება ხდება.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. ის უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები.

ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

ამას გარდა, უქმდება ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

ოპოზიციის შეფასებით, ამ კანონპროექტით მმართველი გუნდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის დაქვემდებარებაში აქცევს და ცვლილებები ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის არცერთ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი