ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა რომ გამოძიების მასალებით დგინდება რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, მოსამართლისთვის უფრო დამაჯერებელი დაცვის მხარის არგუმენტები და ბრალდებულის პოზიცია გახდა. ავთანდილ ბუცხრიკიძემ საპატიმროს 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დააღწია თავი, ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამდებობასაც ინარჩუნებს.
ქალი რომელმაც მოძალადე პოლიციელი ამხილა დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. მცდელობის მიუხედავად მას ვერც ჩვენ დავუკავშირდით, თუმცა "მთავარმა" მოიპოვა ჩვენება, რომელიც ავთანდილ ბუცხრიკიძის მეუღლემ გამოძიებას მისცა.
ოფიციალურ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი წლების განმავლობაში რა დანაშაულს ჩადიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და როგორ უსწორდებოდა ფიზიკურად ცოლს მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით. ჩვენების მიხედვით ბოლო ასეთი შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა, სწორე მაშინ გახდა ქალი იძულებული პოლიციაში დაერეკა და დახმარება ეთხოვა.
"2023 წლის 22 ოქტომბერი იყო. სახლში, სამსახურიდან დაბრუნებულს ჩემი მეუღლე და დედამთილი დამხვდნენ. ჩანთები ჩალაგებული ჰქონდათ და მიდიოდნენ. ჩემი უფროსი შვილიც იქვე იყო. მათ ვკითხე სად მიდიოდნენ, რაზეც ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ზუგდიდში მივდივართო.
ამაზე მე მას ვუსაყვედურე და ვუთხარი, რომ ცოტა ხანს გაჩერდი სახლში, რატომ ჩქარობთ წასვლასთქო. ამაზე ჩემი მეუღლე გაბრაზდა, მომიახლოვდა და მარჯვენა ხელი სახეში ძლიერად დამარტყა, რა დროსაც მე ვიგრძენი ძლიერი ფიზიკური ტკივილი და გაბრაზებულმა ვუთხარი, ახლა ყველაფერს ერთად გაგიხსენებ და დავრეკავ პოლიციაშითქო...." ნათქვამია ქალის ჩვენებაში.
ძალადობის ფაქტი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაასაჯაროვა. პოლიციელს ბრალი ისე წარუდგინეს და სასამართლოშიც ისე მიიყვანეს, რომ ის თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ. კაცი რომელსაც ცოლის ცემასა და ფსიქოლოგიურ ტერორს ედავებიან მუშაობას ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში აგრძელებს.
იხილეთ: