ოჯახის წევრზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულ პოლიციელს სასამართლომ 5,000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, 2023 და 2024 წლებში ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა ცოლზე. ასევე, მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.
ბრალდების მხარე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა და იმ გარემოებებზე საუბრობდა, რის გამოც აუცილებელი იყო პატიმრობა, რადგან ბრალდებულს შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა.
სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული ავთანდილ ბუცხრიკიძე, რომელიც წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი მტკიცებით, კონფლიქტი ოჯახში, გარეშე პირების ჩარევით ხდებოდა.
"თვითონ სამსახურში იყო, ღამის 7 საათამდე არ მოდიოდა, არაფერი ზედმეტი არ მითქვია. კი, ზოგჯერ ვბრაზდებოდი იმაზე, რომ ტელეფონსაც არ იღებდა. თერჯოლაში მუშაობდა, ჯერ ვურეკავდი, ოთხ ბავშვს დამიტოვებდა სახლში , მეზობლებიც იქ იყვნენ რომ ყოველ წუთში ბავშვები ჩემთან იყვნენ. 2 და 3 წლის ბავშვები, იმას პამპერსის გამოცვლა უნდა, ჭამა უნდა, ყველაფერს მე ვაკეთებდი, როცა ყოველ მესამე დღეს ვმუშაობ. კი, შეიძლება ტელეფონში მაქ მე მინაწერი რაღაც ისეთი ნერვიულობის ნიადაგზე, მარა 12 წლის განმავლობაში თამუნასთვის პატივისცემის მეტი და მითუმეტეს ზედმეტია ხელის დარტყმა" აღნიშნა ბრალდებულმა პოლიციელმა, ავთანდილ ბუცხრიკიძემ
პოლიციელს ბრალი საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.