არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება არის სტრატეგიული პარტნიორების მთავარი, თუმცა არა ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც პრემიერს ბრიუსელში ყველა უმაღლესი დონის შეხვედრაზე შეახსენეს. ახალი პრემიერი საქართველოში ევროკავშირის მიერ არაერთხელ გაჟღერებული რეკომენდაციებით ბრუნდება,რომლის შესრულების პასუხისმგებლობა ოლიგარქის ხელისუფლებას ეკისრება. მთავრობის მეთაურის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ირაკლი კობახიძისთვის ყველაზე უხერხული იყო, რადგან მას იმ პოლიტიკურ ლიდერებთან პირისპირ შეხვედრა და საუბარი მოუწია, ვინც წლების განმავლობაში მისი მხრიდან თავდასხმის მთავარი სამიზნეები იყვნენ.
ირაკლი კობახიძემ შემაჯამებელ კომენტარში განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ წელსვე გადავიდეთ ახალ ეტაპზე, მოლაპარაკებების გახსნაზე.
„ეს ორი დღე გვაძლევს ოპტიმიზმის განსაკუთრებულ საფუძველს გამომდინარე იქიდან, რომ დაფიქსირდა ძალიან მეგობრული განწყობა ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. შესაბამისად, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი საფეხური უკვე რეალიზებული იქნება ამ წლის ბოლომდე...
გვქონდა სხვადასხვა თემაზე საუბარი, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებთან, ჩვენს მისწრაფებებთან საგარეო პოლიტიკის კუთხით, ევროკავშირთან, მათ შორის, რაც დაკავშირებულია ნატოში ინტეგრაციის პროცესთან. ყველა თემას შევეხეთ. იყო საუბარი ასევე უსაფრთხოებაზე ჩვენს რეგიონში, გლობალურად, ევროპის კონტინენტზე და ა.შ. ყველა თემასთან დაკავშირებით იყო ძალიან საქმიანი, ძალიან საინტერესო საუბარი. ძალიან მეგობრული განწყობა არის ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და ნატოს შორის“, - განაცხადა კობახიძემ.