საუბარი შეეხო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს | კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნდა:

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

უწყება ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე − თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

"მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.

ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორივე საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები, რაც აფართოებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.

განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის განვითარების თვალსაზრისით, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის, პოტენციალს.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა", - წერია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი