
რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს აფხაზეთს - აცხადებს ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობაზე შეზღუდვების კომენტირებისას.
„თუ (USAID) 2012 წლიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალულია, ამ რთულ პირობებში, როცა ფაქტობრივად ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, შეგვიძლია, როგორც მოკავშირეებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა, დავუშვათ რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი არამეგობრული ორგანიზაციის საქმიანობა აქ, აფხაზეთის ტერიტორიაზე? ” - კითხვას სვამს ბჟანია.
მან ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას მიმართა რომ საჭიროა მკვეთრი ქმედებები:
ასეა საჭირო, ინალ, დიპლომატიური ენა, რა თქმა უნდა, მიმზიდველია, მაგრამ ყოველთვის არ არის გასაგები საზოგადოებისთვის და უბრალო ხალხისთვის. თუ მოკავშირეები ვართ, თუ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ეს გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა USAID-ის პროექტები აკრძალა, ხოლო სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადდა.