"რესპუბლიკურის ბრძანებასა და სამთავრობო დებულებას შორის შეუსაბამობაა" | მედპერსონალი დღეს კობახიძეს შეხვდება

გამოქვეყნდა:

დღეს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ექიმების ნაწილი დაწყებულ რეორგანიზაციასა და შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილებას უკვე ერთ თვეა აპროტესტებს. მათთვის ასევე მიუღებელია ის არგუმენტაცია, რომლითაც მედიკოსებისთვის კომპენსაციების გაცემა ხდება. 

"აქ არ არის შენობის დანგრევა- არ დანგრევაზე ლაპარაკი, ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, რომ რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა გააგრძელოს მუშაობა, ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პირობებშიც და ძველი შენობის რეაბილიტაციის პირობებშიც უნდა გააგრძელოს მუშაობა, ამის საშუალება არის", - ამბობს ექიმი მალხაზ გოგუა.

პროტესტის მონაწილე ექიმების ნაწილი ამბობს, რომ შეუსაბამობაა სამთავრობო დებულებასა და რესპუბლიკურის მიერ მიღებული თუ გამოცემული ბრძანების შინაარსს შორის.

ექიმებსა და პრემიერს შორის შეხვედრა 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

შეგახსენებთ, 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის და მის ბაზაზე ახალი კლინიკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ შენობა ავარიულია და საჭიროა მისი დანგრევა. მედპერსონალის ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხს და თითქმის ერთი თვეა საპროტესტო აქციებს მართავს. მათ მთავრობის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოსაც მიმართეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი