"ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტება ვერ გადაჭრის გამოწვევებს" | TI საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისთვის საჭირო რეფორმებზე

გამოქვეყნდა:

რა რეფორმები უნდა გატარდეს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისთვის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად? - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მთავრობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტება საპარლამენტო კონტროლის გამოწვევებს ვერ გადაჭრის.

როგორც TI ამბობს, 2023 წლის 13 დეკემბერს მათ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებაც წარადგინეს, თუმცა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მას მხარი არ დაუჭირა.

"საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე იმ 9 პირობიდან ერთ-ერთია, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ განუსაზღვრა. უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ თავის გეგმაში მხოლოდ პარლამენტის ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შევსება ასახა, რაც არასაკმარისია ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად.

ამ მოთხოვნების სრულფასოვნად შესრულება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისათვის, რათა არ დაბრკოლდეს ევროინტეგრაციის პროცესში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდეს.

ევროკომისიის შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურზე ზედამხედველობა შეზღუდულია და მისი რეკომენდაციით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სისტემაზე, მისი ძირითადი ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

ევროკომისიის მოთხოვნების საპასუხოდ მთავრობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტება ვერ გადაჭრის საპარლამენტო კონტროლის გამოწვევებს.
უსაფრთხოების სექტორის ეფექტური ზედამხედველობისათვის პარლამენტის მაკონტროლებელ სტრუქტურას არ გააჩნია შესაბამისი მანდატი და უფლებამოსილება. ოპოზიციის როლი კონტროლის პროცესში ფორმალური ხასიათისაა," - წერს TI.

რაც შეეხება უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობისათვის გადასადგმელ ნაბიჯებს, ორგანიზაციის მიხედვით:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულფასოვანი ზედამხედველობისათვის პარლამენტში საჭიროა შეიქმნას სპეციალიზებული სტრუქტურა (ცალკე კომიტეტი, ქვეკომიტეტი ან ნდობის ჯგუფი გაფართოებული მანდატით) და შემადგენლობა განისაზღვროს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად;
  • ამ სტრუქტურას უნდა ხელმძღვანელობდეს ოპოზიციის წარმომადგენელი და მის წევრებს სრული დაშვება ჰქონდეთ სახელმწიფო საიდუმლოებაზე;
  • სპეციალიზებული სტრუქტურის მაკონტროლებელი მანდატი უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ყველა სფეროს;
  • სპეციალიზირებულ სტრუქტურასთან უნდა შეიქმნას ექსპერტთა საზედამხედველო მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც პერმანენტულ რეჟიმში გააკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის წინაშე.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი