სალომე ზურაბიშვილმა, კოჯორსა და პარლამენტთან, იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო. ის ჯერ კოჯორში იმყოფებოდა მემორიალთან, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტთან მივიდა. 

"ეს არის ისეთი დღე, რომელსაც მე კი არა მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტმა იუნკერთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ცერემონიალზე არ მიიწვია. ამაზე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ღონისძიებაზე "პრეზიდენტის მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა".

ცნობისთვის, 23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა. 1921 წლის 19-20 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან რუსეთის საოკუპაციო მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა, მათ შორის იყო 19 წლის სტუდენტი მარო მაყაშვილი.

23 თებერვალს კი ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლას შეწირული 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. 25 თებერვალს კი რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები თბილისში შევიდნენ და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.

იუნკერთა პატივსაცემად, 2010 წელს, საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებული დადგენილებით, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი