
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კობახიძესთან მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება.
"შეთანხმებას მივაღწიეთ ხვალინდელ შეხვედრაზე. ხვალ გაიმართება მეორე შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული. მოვახსენეთ ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც ჩვენთვის მტკივნეული იყო, ვუთხარით, რაც გვაწუხებდა. აბსოლუტურად დაუფარავად მოვახსენეთ ყველაფერი, რისი თქმაც გვინდოდა და რა არგუმენტებიც გვქონდა. ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან პრემიერ-მინისტრმა პირველი პირისგან გაიგო იმის შესახებ, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მის თანამშრომლებს აწუხებს და რის გამოც ერთი თვის განმავლობაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა კლინიკაში.
დაგვისვა კითხვები, რაც მისთვის საინტერესო იყო. მაგალითად, იკითხა ერთი საწოლის ღირებულება, რამდენ საწოლზე უნდა იყოს კლინიკა და ასე შემდეგ " განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა
ხვალინდელი შეხვედრა ოთხი საათისთვისაა ჩანიშნული.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები უკვე ერთ თვეა აპროტესტებენ კლინიკის რეორგანიზაციას. მედიკოსების მოთხოვნაა დემონტაჟის ნაცვლად მოხდეს მთავარი რეფერალური ჰოსპიტალის რეაბილიტაცია და მისი პირვანდელი სახის შენარჩუნება. დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ კლინიკასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა მედიკოსების პოზიციის მოსმენის შემდეგ გადაიხედოს.