ორი წლის წინ, სწორედ აქ, ცეცხლით დავხვდით მტრის დესანტს...მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გვერდით დგას | ზელენსკის ვიდეომიმართვა ჰოსტომელიდან

გამოქვეყნდა:

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავზე უკრაინის პრეზიდენტი ჰოსტომელში ჩავიდა - იმ ადგილას, სადაც ზელენსკის თქმით, "კიევის სამ დღეში აღება" უნდა დაწყებულიყო.

მან უკრაინელებს, რომლებიც ორი წელია გამარჯვებისთვის იბრძვიან, მადლობა გადაუხადა.

"სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო "კიევისა და უკრაინის 3 დღეში აღება". ორი წლის წინ, სწორედ აქ, ცეცხლით დავხვდით მტრის დესანტს. ორი წლის შემდეგ, აქ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს ვხვდებით. დიდებული ქვეყნის დიდებული ხალხი! წარმოუდგენლად ამაყი ვარ თითოეული თქვენგანით, მჯერა თითოეული თქვენგანის. ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს უნდა, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ არცერთი ჩვენგანი არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის დასრულებას. მადლობა თქვენ, მეომრებო, ჩვენო ხალხო და მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც ჩვენს გვერდით და სიმართლის გვერდით დგას," - ამბობს ზელენსკიმ. 

როგორც მან აღნიშნა, ჰოსტომელში გაიმართება შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან და კანადის, იტალიისა და ბელგიის პრემიერმინისტრებთან, რომლებიც უკრაინაში დღეს ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა ომს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის "დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაცია" იყო.

ომის დაწყებას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 30 სექტემბერს კი რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი