SJC: "წულუკიანის მინისტრობის პერიოდში გელათში ჩატარებული სამუშაოების შედეგად დამდგარი ზიანი სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს" 

გამოქვეყნდა:

"თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში გელათში ჩატარებული სამუშაოების შედეგად დამდგარი ზიანი სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს", - ამის შესახებ არასამთვრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებაშია საუბარი. ორგანიზაციის ცნობით, გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2021-2022 წლებში განხორციელებულმა ჩარევებმა გელათის კედლის მხატვრობაზე დამატებითი შეუქცევადი ზიანი გამოიწვია.

"თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული რეკონსტრუქცია-კონსერვაციის სამუშაოების შედეგად დამდგარი ზიანი, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიის გათვალისწინებით, სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალური პროკურატურისთვის მიმართვის საფუძველი გახდა.

მინისტრის მიერ შერჩეულმა ჯგუფმა 2021 წლის ოქტომბერში ჯერ კიდევ გამოუმშრალ, სველ ბათქაშზე განახორციელეს არა მხოლოდ საკონსერვაციო, არამედ სარესტავრაციო სამუშაოებიც, რამაც მოგვიანებით კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაც დადასტურდა სპეციალისტების დასკვნებით", - წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, თეა წულუკიანი არაერთი საერთაშორისო საექსპერტო დასკვნით იყო ინფორმირებული იმ მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, რაც შერჩეული მეთოდოლოგიით ჩარევებს მოჰყვებოდა: "შედეგად, ტაძრის მოხატულობების ისედაც კრიტიკული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა შესაბამისად, ალტერნატიული საექსპერტო დასკვნები მიუთითებდა ძეგლის დაზიანების შესაძლებლობაზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული პასუხისმგებელი პირის მიერ, რისი გათვალისწინებაც მინისტრს ევალებოდა და შეეძლო კიდეც".

ორგანიზაციის ცნობითვე, ძეგლზე ჩარევების განხორციელებამდე გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმა და ეფექტური ზედამხედველობა არ არსებობდა. მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი "უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალე" იყო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი