პაატა ბურჭულაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართა, სადაც მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.ბურჭულაძის ადვოკატის, მიშა რამიშვილის ინფორმაციით, "მოსამართლეს სრულად აქვს ყველანაირი მტკიცებულება, რითაც დასტურდება ცილისმწამებლური ფაქტი".
"PostTV-ის მხრიდან განხორციელებული ცილისმწამებლური განცხადებები პაატა ბურჭულაძის მიმართ ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი რითაც ხდება ადამიანის დისკრედიტაცია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს საქართველოში და ამის პრეცედენტი და ამის მაგალითი უნდა იყოს, მე ვიმედოვნებ იქნება, მოსამართლე ალექსანდრე ქსერიშვილი. იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრულად ჰქონდა და სრულად აქვს ყველანაირი მტკიცებულებები, სრულად აქვს ის ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დასტურდება ის ცილისმწამებლური ფაქტი, საჯარო განცხადების ფორმით, რაც გააკეთეს მიზანმიმართულად შალვა რამიშვილმა და PostTV-მ პაატა ბურჭულაძის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის." - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატმა ლევან ყველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მტკიცებულებები, რომელიც აქვთ ყველა ნეიტრალური პოზიციის ადამიანს დაარწმუნებდა შალვა რამიშვილის ცილისმწამებლობაში.
"ჩვენი მხრიდან სასამართლოს მიმდინარეობისას სრულად იყო წარდგენილი ყველა ის მტკიცებულება და დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიციები, რომელიც დაარწმუნებდა ნეიტრალური პოზიციის მქონე ადამიანს, რომ შალვა რამიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისმწამებლური ადამიანების მიმართ", - განაცხადა ლევან ყველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძემ სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც პროპაგანდისტული მედიასაშუალების წამყვანმა შალვა რამიშვილმა მის მიმართ ცილისმწამებლური განაცხადები გააჟღერა. მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო პროცესზე, 19 მარტს გამოაცხადებს.