
მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში, რვა წლის წინ მოკლული ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის, ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები იმართება. აქციის მონაწილეები, ასევე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, რეჟიმისა და უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდიან.
მოსკოვში ხალხს ყვავილები სპონტანურ მემორიალთან მიაქვს, რომელიც შემთხვევის ადგილას, Большом Москворецком-ის ხიდზე, ნემცოვის მკვლელობიდან მალევე გაჩნდა. გამოცემა "სოტას" ცნობით, პოლიციელები გამვლელებს აჩერებენ, თუმცა ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.
Current Time-ის ცნობით, ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები ასევე იმართება ყაზანში, პერმში, ეკატერინბურგსა და ნოვოსიბირსკში.
შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს გვიან საღამოს კრემლიდან ასი მეტრის დაშორებით მოკლეს. მკვლელობის ორგანიზატორის ვინაობა ამ დრომდე არ არის ცნობილი. ნემცოვის თანამოაზრეებმა და ახლობლებმა გამოძიება გააკრიტიკეს, ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსის მკვლელობაში ჩეჩნეთის ან რუსეთის ხელმძღვანელობა მონაწილეობდა.