
თბილისის მერიის ცნობით, 2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახი კალაძემ თქვა, რომ ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც მაღალი მგზავრთნაკადი ფიქსირდება.
მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად გადანაწილდება შემდეგ მარშრუტებზე:
"160 ერთეული ავტობუსი უკვე შესყიდულია და ეტაპობრივად შემოდის. აქედან 50 ერთეული უკვე თბილისშია. დავიწყეთ კონკრეტულ ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, დატვირთვა პირველ რიგში ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა. 2 მარტიდან ვიწყებთ სხვადასხვა ხაზზე 18-მეტრიანი ავტობუსების ეტაპობრივად გაშვებას. შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით", - თქვა კალაძემ.
მისივე თქმით, მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაევალა.
"თავდაპირველად გავაჟღერეთ, რომ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის აუცილებლობა იყო, თუმცა ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხოლოდ 160 ერთეული შევიძინეთ. 40 ერთეული ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია", - თქვა მერმა.
ავტობუსები გათვლილი უნდა იყოს 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით.