
„მეტას“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა/ანგარიშმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში.
რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ პერიოდში ამ გვერდების მიერ განთავსებული 8 139 რეკლამა იძებნება, რაც 56%-ით აღემატება წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვს.
გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 279 441 აშშ დოლარია, 69%-ით მეტი წინა კვარტალის დანახარჯებზე.
რეკლამებზე დახარჯული თანხის ოდენობით გამოირჩეოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალური ფეისბუქგვერდი, რომელმაც სოციალური მედიის პლატფორმაზე 16-ჯერ მეტი ღირებულების რეკლამა განათავსა, ვიდრე წინა კვარტალში.
გვერდები, რომელთა პოლიტიკური/სოციალური რეკლამებისთვის ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა [1 ოქტომბერი- 29 დეკემბერი]
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების სარეკლამო დანახარჯებს "მეტას" პლატფორმებზე. მონიტორინგის პერიოდში არანაკლებ 91 063 და არაუმეტეს 94 528 აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. მათ შორის, მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა წარმომადგენლებმა რეკლამებში უფრო მეტი თანხა (49 743-დან 50 832 აშშ დოლარამდე) დახარჯეს, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ და მათმა წარმომადგენლებმა ერთად აღებული (41 320-დან 43 696-მდე აშშ დოლარი).

პოლიტიკური გაერთიანებების უმრავლესობამ გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში უფრო მეტი სარეკლამო დანახარჯი გასწია, ვიდრე წინა კვარტალში. მათ შორის, გაორმაგდა „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ ხარჯები. განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენს პარტიებს შორის სარეკლამო დანახარჯებით მეოთხე ადგილზე პოლიტიკური გაერთიანების „თაობები საქართველოსთვის“ გამოჩენა, რომელიც 2023 წლის ივნისში დარეგისტრირდა. ის ბიზნესმენმა და საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა, შოთა შალელაშვილმა, დააფუძნა. შალელაშვილი საქართველოს პარლამენტში 2016 წელს „ქართული ოცნების“ პარტიული სიით შევიდა, თუმცა უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო 2019 წელს, ვადაზე ადრე, დატოვა.