
სენაკის საკრებულოში მერიის შიდა აუდიტს დასკვნის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს სიტყვიერად ოპოზიციისა და მმართველი პარტიის გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ .
ოპოზიცია სენაკის მერიის მიერ დახარჯულ 100 000 ლარზე არგუმენტებს და პასუხებს ითხოვდა. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის გამოც სხდომის შეწყვეტა გახდა საჭირო.
მაგალითისთვის, შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით, საფეხბურთო კლუბი "ეგრისი" ერთ დღეს და ერთ დროს, ორ სხვადასხვა რაიონში - ფოთსა და წალენჯიხაში თამაშობდა, რაზეც სამივლინებო ხარჯები ორჯერაა გაწერილი. ამავე დასკვნით, შეძენილია საჭირო სპორტული ინვენტარი, თუმცა არ ჩანს საჭირო ფინანსური დოკუმენტაცია და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები.
"ფეხბურთელი 5 ივნისს ერთდროულად თამაშობდა ფოთსა და წალენჯიხაში. ასევე აუდიტი წერს, რომ გახარჯულია საღებავები [საფეხბურთო მოედნისთვის] , შეღებილია ფასადიო და აუდიტი წერს, რომ ვერც საღებავი ვიპოვე, ვერც ფასადი და ვერც შესრულებული სამუშაოო. არის განუკითხაობა" - აცხადებენ ოპოზიციაში
ოპოზიციის ითხოვდა აუდიტისა და შემოწმებული სამსახურებისა საკრებულოს სხდომაზე მისვლას და მათთან გასაუბრებასაც.
სენაკის მერიაში აცხადებენ, რომ დასკვნაში საუბარია მხოლოდ ხარვეზებზე და არა არამიზნობრივად დახარჯულ თანხებზე.
ავტორი: ემა გოგოხია