
ბრიტანელმა ექსპერტებმა 200-ზე მეტი კომპანია აღმოაჩინეს, რომლებსაც რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს. ამის შესახებ ბრიტანული ორგანიზაციის Conflict Armament Research (CAR) დირექტორის მოადგილემ დემიენ სპლიტერსმა აშშ-ის სენატში მოსმენების დროს განაცხადა.
"ამჟამად ჩვენ კონფიდენციალურად დავადგინეთ 200-ზე მეტი კომპანია, რომელთა მიმართ სანქციები არ დაწესებულა და რომლებიც ინტერესს იწვევს. მათი ნახევარი რუსული არ არის", - განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ყველა გამოვლენილი კომპანია დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის ქარხნებისთვის ნახევარგამტარების შეძენასთან ან გადაცემასთან.
სპლიტერსის თქმით, ეს მონაცემები ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებული იარაღის ასობით ნიმუშის კვლევისას, შეგროვდა. ექსპერტებმა დააფიქსირეს 10 000-ზე მეტი ნახევარგამტარი და დაადგინეს დასავლეთში წარმოებული ელექტრონული ელემენტების 250-ზე მეტი სახეობა.
როგორც ბრიტანეთის ერთობლივი თავდაცვის კვლევითი ინსტიტუტის (RUSI) წარმომადგენელმა, ჯეიმს ბერნმა განაცხადა, რუსეთი შესყიდვების ქსელებს ელექტრონიკისა და სხვა პროდუქტების სანქციების გვერდის ავლით აფართოებს, რათა უკრაინაში ომისთვის იარაღი აწარმოოს. რისთვისაც ის აქტიურად იყენებს საზღვარგარეთ დაზვერვის ოფიცრებს და ქრთამს.
"რამდენიმე ბოლოდროინდელი შემთხვევა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში აჩვენებს, რომ რუსული შესყიდვების ქსელები აგრძელებენ აქტიურობას ჩვენს ქვეყნებში და მსოფლიოს სხვა ნაწილებში", - განაცხადა ექსპერტმა.
ბერნის თქმით, ბოლო გამოძიების დროს, RUSI-მ ჰოლანდიურ და გერმანულ მედიასთან ერთად აღმოაჩინა უკანონო შესყიდვების ქსელები, რომლებიც გერმანიაში, ლიტვაში და ჰონკონგში მოქმედებდნენ - "ზოგჯერ ამ ქსელებს მართავენ გაწვრთნილი რუსული დაზვერვის ოფიცრები, ისევე როგორც ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მათ სახელით. სხვა შემთხვევაში, ეს არის წმინდა ფინანსური მოტივაციით ვაჭრობა სინდისის გარეშე ადამიანების მხრიდან".
RUSI-მ რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლის პირველი ანგარიში 2022 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა. მასში დეტალურად იყო აღწერილი მინიმუმ 450 სხვადასხვა ტიპის უნიკალური უცხოური წარმოების კომპონენტი, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ უკანონოდ მოიპოვა 27 სხვადასხვა ტიპის იარაღისა და სამხედრო სისტემის წარმოებისთვის. კომპონენტების უმეტესობა ამერიკული კომპანიების მიერ იყო წარმოებული. რითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა წვდომა მათზე საკუთარი სქემებით, მიუხედავად ადრე დაწესებული აშშ-ის სანქციებისა.