ოლიგარქიული რეჟიმის ანტიამერიკულ პროპაგანდას მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა პარლამენტში საგანგებო ვიზიტით უპასუხა. რობინ დანიგანმა მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დააფიქსირა ოფიციალური ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაში კორექტივები მოსალოდნელი არ არის.
ამერიკელი დიპლომატის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და კრემლის ფაქტორი, რომელიც შეეცდება როგორც პროცესზე, ასევე არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას. საპარლამენტო არჩევნები რომ სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არის, ეს ელჩის დღევანდელი გზავნილებიდან ცხადად ჩანდა. უკვე ცნობილია, რომ შეერთებული შტატები არჩევნებს რამდენიმე სადამკვირვებლო მისიით გაუწევს მონიტორინგს.