
ცენტრალურ აფრიკაში, ჩადის რესპუბლიკაში ეროვნული უსაფრთხოების შტაბ-ბინაზე თავდასხმისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც დაანონსდა, რომ ჩადის საპრეზიდენტო არჩევნები 6 მაისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობა ავრცელებს.
"სიტუაცია ახლა სრულად კონტროლდება", - აცხადებენ მთავრობაში და აღნიშნავენ, რომ ოპოზიციური სოციალისტური პარტიის საზღვრებს გარეშე (PSF) წევრები უკვე დააკავეს და რომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება.
თუმცა დედაქალაქში ნჯამენას მცხოვრებლების განცხადებით, ოთხშაბათს ქალაქში ძლიერი სროლის ხმა ისმოდა.
"ვინც აპირებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესის შეფერხებას, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნება და მართლმსაჯულების წინაშე დადგება" - აცხადებენ მთავრობაში.
კომუნიკაციების მინისტრმა აბდერამან კულამალამ განაცხადა, რომ თავდასხმას ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოზე PSF-ის ლიდერი იაია დილო ხელმძღვანელობდა. გაურკვეველია იყო თუ არა დილო დაკავებულთა შორის. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ PSF მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ "მკვლელობის მცდელობაშიც". თუმცა, დილომ უარყო რაიმე კავშირი ამ თავდასხმასთან.
დილო პრეზიდენტ მაჰამატ დების ოპონენტია, რომელიც ხელისუფლებაში 2021 წელს მოვიდა, მას შემდეგ, რაც მამამისი ამბოხებულებმა მოკლეს. პრეზიდენტმა დებიმ პირობა დადო, რომ ქვეყანას სამოქალაქო მმართველობაში დააბრუნებდა. პატრიოტულმა ხსნის მოძრაობამ (MPS) ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად დაასახელა, თუმცა მას არ დაუდასტურებია აპირებს, თუ არა მონაწილეობის მიღებას. ოპოზიციის განცხადებით, საარჩევნო კომისია ნეიტრალურისგან შორს არის და მათ დების დინასტიის გაფართოების ეშინიათ.