
"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა... ამ გადაწყვეტილებიდან და პრემიერის ცვლილებიდან, ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ, არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორი ახსნა მაქვს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე, ერთ-ერთი კითხვის პასუხად განაცხადა.
"არ ვიცი კითხვაზე პასუხი, რატომ არის [საქართველოს] მთავრობა ამ ორაზროვან პოზიციაში... არ ვარ დარწმუნებული რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ სანამ გრძელდება, მინდა აღვნიშნო და მხარი დავუჭირო - ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან [საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება] მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა. იმის გარდა, რომ საქართველოში, მთელ სპექტრზე ყველა პროევროპული გახდა, ახლა ყველა ამბობს, რომ ის იყო მთავარი ფაქტორი. რაც კარგია. ეს ერთია.
ამ გადაწყვეტილებიდან და პრემიერმინისტრის ცვლილებიდან, ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ. ისევ, არ მთხოვოთ ახსნა, შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რას ვხედავ და როგორ ვახდენ ინტერპრეტაციას, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორი ახსნა მაქვს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, რიტორიკა შეცვალა ახალმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც:
“ახალი პრემიერმინისტრი გვყავს, ადამიანი, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტი უარყო, რომელსაც ყველაზე ანტიდასავლური პროპაგანდისტული რიტორიკა ჰქონდა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. და მოულოდნელად, როგორც ახალი პრემიერმინისტრი, ის, პირველ რიგში, ბრიუსელში მიდის და ამტკიცებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბრიუსელი პირველი ვიზიტის ადგილი იყოს.
თითქმის ყოველდღიურად ევროპელ ელჩებს იღებს, რათა თქვას, რამდენად მნიშვნელოვანია ამ 9 რეკომენდაციის იმპლემენტაცია. იღებს ამერიკელ ელჩს, რათა თქვას, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გავაღრმაოთ. თუ ეს არის ევროპული გადაწყვეტილების შედეგი, ვფიქრობ ამ ცვლილებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და იმავე მიმართულებით გავაგრძელოთ”, - ამბობს ზურაბიშვილი.
ღინისძიებაში მონაწილეობენ ორგანიზაციის წევრი პოლიტიკოსები, დიპლომატები, აკადემიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილს Chatham House-ის თავმჯდომარე, ევრაზიის პროგრამის დირექტორი, ჯეიმს ნიქსი მასპინძლობს.
საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი ლონდონში მოქმედი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრია, რომლის მიზანია გააანალიზოს და ხელი შეუწყოს ძირითადი საერთაშორისო საკითხებისა და მიმდინარე მოვლენების გააზრებას.