TI: ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის პირობებს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აცხადებს, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის პირობებს, რომლებიც, ერთი მხრივ, 2024 წლის 26 ოქტომბერს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად, ხოლო, მეორე მხრივ, წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების სტადიაზე გადასასვლელად არის საჭირო.

ორგანიზაცია ამბობს, რომ ამის ნათელი მაგალითია თებერვალში, პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები, "რომლებიც მთლიანად უგულვებელყოფს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით და შესაბამისად,  წინააღმდეგობაშია ევროკომისიის 9 დათქმასთან".

"მივესალმებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს ამ ცვლილებებს და ვიმედოვნებთ, რომ მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის უკან დაბრუნებულ კანონპროექტში სრულად იქნება ასახული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. მმართველ უმრავლესობას კი მოვუწოდებთ რეალური საარჩევნო რეფორმის ჩატარების ეს შანსი ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან, რათა ქვეყანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეძლოს და არ დაბრკოლდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე", - წერია განცხადებაში.

TI წერს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მხოლოდ ისეთ სამ აქტივობას ითვალისწინებს, რომლებიც ძირითადად რეკომენდაციების შეუსაბამო და არასაკმარისია:

  • 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირი-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა;
  • ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატების შექმნა;
  • პარტიების დაფინანსების საკითხზე შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ:
    • პარტიებისთვის იურიდიული პირების შემოწირულებების აკრძალვა;
    • პარტიებისთვის წლიური ხარჯების ზედა ჭერის შემცირება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" შეფასებით, 26 თებერვალს დარეგისტრირდა "ქართული ოცნების" დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ასევე აცდენილია ევროკომისიის მოთხოვნებს და ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას,  ხოლო პარტიის დარჩენილი ქონების სახელმწიფო ხაზინისთვის გადაცემას იმ შემთხევავაში, თუ პარტია ბიუროს 2 წლის განმავლობაში არ წარუდგენს ფინანსურ დეკლარაციას. 

ორგანიზაციის შეფასებით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საარჩევნო კანონმდებლობის და პრაქტიკის კომპლექსური და ღრმა რეფორმაა საჭირო, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ევროკომისიის მოთხოვნები და ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი რეკომენდაცია.

"პარტიის გაუქმების შესახებ ინიციტივა მიგვაჩნია არაკონსტიტუციურად, რადგან პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია და მხოლოდ ამომწურავად განსაზღვრული საფუძვლებით.

პარტიების დაფინანსების კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც იურიდიული პირების შემოწირულებებს კრძალავს და პარტიების წლიური ხარჯების უფრო დაბალ ზღვარს (მშპ-ს 0.05%-დან 0.04%-მდე) ადგენს, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია, თუმცა, არასაკმარისია და მნიშვნელოვანი ეფექტი არ ექნება", - აღნიშნულია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი